გეინერები

რა არის გეინერები?
გეინერები (Gainer) - სპორტული კვების სახეა, რომელიც ცილოვან-ნახშირწყლოვანი ნაზავისაგან შედგება. მას მწარმოებლები ხშირად კრეატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ინგრედიენტებს უმატებენ. ზოგჯერ გეინერი მცირე რაოდენობის ცხიმებსაც შეიცავს. გეინერის მთავარი ფუნქცია სხეულის მასის გაზრდაა და ენერგეტიკული მარაგის სწრაფი აღდგენა. პროტეინების და ნახშირწყლების კომბინაციის ეფექტურობა ბოდიბილდინგში დამოუკიდებელი კვლევებითაა დადასტურებული.
გეინერები ერთერთ პირველ სპორტულ დანამატებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. წარსულში გეინერებს იაფფასიანი ცილების გამოყენებით, ცხიმების და შაქრის დამატებით აწარმოებდნენ, რათა მაქსიმალურად გაეზარდათ მათი კალორიულობა. ასეთ ერთ პორციას შეიძლება 3000 კალორიის შემცველობა ჰქონოდა და ხარისხი არც ისე საუკეთესო გახლდათ. დღესდღეისობით ბაზარზე მაღალხარისხიანი, დაბალანსებული გეინერები გამოჩნდა, რომლებიც შეიცავენ მაღალი ბიოლოგიური ფასეულობის სუფთა ცილებს, შეიცავენ სპეციალურ ნახშირწყლებს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

დანიშნულება:
გეინერები განკუთვნილია გამხდარი აღნაგობის ადამიანების ან ექტომორფებისთვის, რომლებსაც მიზნად მოკლე ვადებში კუნთოვანი მასის ზრდა აქვთ დასახული. თუ თქვენს ჩვეულებრივ რაციონს ამ სპორტული დანამატის სამ პორციას მიუმატებთ და სისტემატიურად ივარჯიშებთ ბოდიბილდინგში, თქვენი სხეულის მასა ზრდას დაიწყებს. სწრაფი მეტაბოლური რეაქციების მქონე ადამიანებისათვის ეს ხშირად არასაკმარისია, ამიტომ საჭიროა კიდევ სხვა დანამატების ჩართვა და დღის რაციონის კალორიულობის გაზრდა. სისრულისაკენ მიდრეკილების ან ენდომორფებისათვის გეინერის მიღება არაა რეკომენდირებული, რადგან ნახშირწყლების დიდი ნაწილი ცხიმოვან ქსოვილებად გადაიქცევა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათთვის უმჯობესია დანამატის სახით პროტეინის ნაზავი განიხილონ, ხოლო ნახშირწყლებიდან უპირატესობა ნელ ნახშირწყლებს მიანიჭონ. გეინერები კარგია მძლეოსნებისთვის, მოკრივეებისათვის, ფეხბურთელებისთვის და ისეთი ტიპის სპორტსმენებისთვის, ვისაც ხანგრძლივი აერობული დატვირთვების მიღება უწევთ. გეინერის გამოყენება დატვირთვების წინ, ორგანიზმს ხანგრძლივი ენერგიის მარაგით უზრუნველყოფს ვარჯიშის და თამაშების დროს, ხოლო დასრულების შემდგომ სწრაფად აღადგენს კუნთებს და ძალებს. თუ დაიცავთ სწორ დიეტას და გეინერების მიღების რეჟიმს, ადვილად შეძლებთ წონის სასურველი დონის შენარჩუნებას. თანამედროვე გეინერები კარგია არა მხოლოდ კუნთოვანი მასის გასაზრდელად, არამედ გამოდგებიან როგორც ენერგეტიკებიც და აღმდგენები.

გეინერების მიღების რეჟიმი:
ბოდიბილდინგში გეინერის მიღების საუკეთესო დროა ვარჯიშის დასრულების შემდგომი რამდენიმე წუთი. ამ პერიოდში იხსნება ე.წ. ცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარა, რომლის შევსებაც სრულფასოვნად შეუძლია გეინერს. ათლეტისათვის ეს ძალების სწრაფად აღდგენის, კუნთოვანი ქსოვილების რეგენერაციის, კატაბოლური პროცესების დათრგუნვის და ენერგეტიკული მარაგების შევსების საუკეთესო საშუალებაა.
გეინერის მიღება შეიძლება ვარჯიშის წინაც. ამ მომენტის უპირატესობაა ის, რომ ორგანიზმი მიიღებს ენერგეტიკულ სუბსტრატს - ნახშირწყლებს, რომლებიც უფრო ინტენსიურად და ხანგრძლივად ვარჯიშის საშუალებას იძლევა, ხოლო ამინომჟავების მაღალი კონცენტრაცია ვარჯიშის დაწყებისთანავე დათრგუნავს კატაბოლიზმის პროცესს. თუმცა ამას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც - ვარჯიშის დროს არ მოხდება ცხიმის დაკარგვა, ხოლო მისი ზრდის ალბათობა გაიზრდება.
ზოგჯერ გეინერის მიღებას რეკომენდაციას უწევენ სხვა დროსაც, ორ, სამ ან ოთხჯერ დღეში, რასაც აქვს თავისი გონივრული საფუძველი, როცა გსურთ მაქსიმალურად სწრაფად გაზარდოთ მასა და არ ხართ მიდრეკილი სისრულისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არის რისკი დაიგროვოთ წონა ცხიმის ხარჯზე. შედარებით გონივრულია გეინერის ერთხელ მიღება, ხოლო დანარჩენი 2-3 ჯერზე კი პროტეინის მიღება.

დოზები და მომზადება:
საშუალოდ გეინერის ერთი პორცია შეიცავს 20-40გრ. პროტეინს, 50-80გრ. ნახშირწყლებს და რამდენიმე გრამ არანაჯერ ცხიმებს. სხვა ნივთიერების შემცველობა შეიძლება მერყეობდეს პროდუქტის მარკის მიხედვით. არ გადააჭარბოთ მწარმოებლების მიერ რეკომენდირებულ დოზებს, რადგან დიდი რაოდენობა არასრულყოფილად აითვისება. გეინერის მომზადება ადვილია: მშრალი ფხვნილი პორცია იხსნება წყალში ან რძეში, რის შემდეგაც მზადაა მოხმარებისათვის.

სხვა სპორტულ დანამატებთან თავსებადობა:
გეინერი კარგად ეთავსება კრეატინს. მასში შემავალი ნახშირწყლები და ცილები ეხმარება კრეატინის უკეთ და სწრაფ ათვისებას. შეიძლება ერთ კოქტეილში მათი შერევა და ვარჯიშის შემდეგ მიღება.
ამას გარდა, ვარჯიში რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს, სასურველია დამატებით პროტეინის, ვარჯიშის წინ განკუთვნილი კომპლექსის და ვიტამინების და მინერალების კომპლექსების მიღება. გეინერები კარგად ეთავსება ანაბოლურ კომპლექსებსაც.
არასდროს მიიღოთ გეინერი გამოშრობის, გახდომის და რელიეფზე მუშაობის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
ხშირად ჩნდება კითხვა: „რამდენად მავნებელია გეინერი?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა ვიცოდეთ, რომ აღნიშნული სპორტული დანამატი იქმნება ნატურალური საკვები კომპონენტებისაგან, ამიტომ ის არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი პროდუქტებისაგან, მისი მიღება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, ნებისმიერ ასაკში. შესაძლებელია გამოვლინდეს ინდივიდუალური აუტანლობა და საჭმლის მონელების დარღვევა, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების შედეგად გამოწვეული ფერმენტატიული უკმარისობის დროს. ასევე, სწრაფი ნახშირწყლების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, ნესტის ან შენახვის არასწორი პირობების მიზეზით, შესაძლებელია პროდუქტში მოხდეს ბაქტერიების გამრავლება. დიარეის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ გეინერის მიღება რამდენიმე დღით, შემდეგ კი გააგრძელეთ შემცირებული დოზებით.
გეინერის მავნებლობის დონე შეიძლება გავუტოლოთ მანანის ფაფის ან ხორცის მავნებლობას, ხოლო მისი გვერდითი მოვლენები კი, ისეთი როგორიცაა ღვიძლის, გულის და სხვა ორგანოების დაზიანება, იმპოტენცია - სხვა არაფერია, თუ არა მითები, რომელიც ხშირად ვრცელდება სპორტულ კვებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი კი ნაკლები ინფორმატიულობაა.
დასაშვებია მომნელებელი სისტემის დარღვევა, ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია გეინერების გამოყენება ლაქტოზის გარეშე.