ენერგეტიკები

რა არის ენერგეტიკები?
სპორტულ კვებაში ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ენერგეტიკებს (Pre-Workout Supplements), რომლებიც ზრდიან ამტანობას, ამაღლებენ ძალოვან მაჩვენებლებს და ვარჯიშის მოტივაციას. ენერგეტიკები ხსნაა იმ სპორტსმენებისათვის, ვისაც ხანგრძლივი ვარჯიში უწევს და არ აქვს საშუალება სხვა გზით აინაზღაუროს ორგანიზმის ენერგეტიკული დანაკარგები. ენერგეტიკები ვარჯიშს უფრო ეფექტურს ხდიან, ზრდიან კუნთების ტონუსს და ამცირებენ დაღლილობის გრძნობას.
ენერგეტიკები გამოიყენება სპორტის ისეთ სახეობებში, რომლებიც დიდ ფიზიკურ დატირთვებს, კონცენტრაციას და კოორდინაციას მოითხოვენ, ისინი პირველ რიგში აუცილებელია დატვირთვების შემდეგ კუნთების აღდგენისათვის. ძალის და განსაკუთრებით ფეთქებადი იმპულსური ენერგიის მოსამატებლად რეკომენდირებულია კვების რაციონში კრეატინის შემცველი პროდუქტების ან დანამატების ჩართვა.
პირველ რიგში ყველა ენერგეტიკები იყოფა სუფთა ნახშირწყლოვან პროდუქტებად და რთულ მრავალკომპონენტიან ნახშირწყლოვან-ცილოვან კომპლექსებად. სუფთა ენერგეტიკები გამოიყენება ხანგრძლივი დატვირთვების დროს საჭირო ენერგოდანახარჯებისათვის და მათი მიღება არაა რეკომენდირებული ვარჯიშის გარეშე.
კვების ოპტიმალური რეჟიმი საშუალო ან მაღალი შემცველობის ხარისხიანი ცილების (15%-დან 35%-მდე) ენერგეტიკებს მოითხოვს. სწორედ ნახშირწყლების და ცილების შეთავსება იძლევა საუკეთესო ანაბოლურ ეფექტს.

შემადგენლობა
ყველა წამყვანი მწარმოებელი ენერგეტიკების შემადგენლობას დიეტოლოგიაში არსებული მონაცემების და სპორტული ფიზიოლოგიის საფუძველზე ამზადებენ. ენერგეტიკული დანამატები გამოირჩევიან ნახშირწყლების და ცილების რაოდენობის ზოგადი ბალანსით და ჩვეულებრივი კვებისგან მათ განასხვავებთ ცხიმების დაბალი შემცველობა, ცილების მაღალი ფასეულობა, სპეციალურად შერჩეული ნახშირწყლების კომპონენტების შეთავსება ფიზიოლოგიურად აქტიურ დანამატებთან - ამინომჟავებთან, ვიტამინებთან, მიკროელემენტებთან, მინერალებთან, ნახევრადნაჯერ ცხიმებთან და ა.შ. თითოეული ენერგეტიკის შემადგენლობა განსხვავდება მათი დანიშნულების მიხედვით, ამიტომ მათი შერჩევისას ზუსტად უნდა იცოდეთ რა შედეგს ელოდებით მათგან.
ენერგეტიკების მთავარი მახასიათებელია მათი გლიკემიური ინდექსის სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს სისხლში ნახშირწყლების (გლუკოზის) მიწოდების სისწრაფეს.
მაღალი გლიკემიური ინდექსი შეესაბამება ნახშირწყლების სწრაფ ათვისებას, ხოლო დაბალი - ნელ ათვისებას. ზოგადად, მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტების მიღება არასასურველია, რადგან ისინი იწვევენ სისხლში ინსულინის დონის მკვეთრ ზრდას და გლუკოზას ინტენსიურ მიმართვას ორგანიზმის ცხიმოვან „დეპოში“. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა სწრაფი ნახშირწყლების მიღება აუცილებელია ვარჯიშის დასრულების შემდგომ ნახევარ საათში, კუნთების ენერგეტიკული დანახარჯების მყისიერი აღდგენისათვის ან მათი მიღება კრეატინთან ერთად, როცა გამოიყენება ინსულინის მნიშვნელოვანი თვისება - უჯრედების მემბრანების შეღწევადობის გაზრდა.
ენერგეტიკების ნახშირწყლოვანი კომპონენტების ამორჩევისას ე.წ. „ოქროს შუალედად“ ითვლება სხვადასხვა ფართო გლიკემიური ინდექსის დიაპაზონის მქონე ნახშირწყლების შეთავსება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმისთვის ენერგიის მეტნაკლებად თანაბარი და ხანგრძლივი მიწოდება. ასევე აუცილებელია ენერგეტიკებში ცილების (1:2 შეფარდებით ნახშირწყლებთან მიმართებაში) დამატება, რომლებიც გარდა იმისა, რომ თავისთავად მნიშვნელოვანია, ასევე ამცირებენ მთლიანად პროდუქტის გლიკემიურ ინდექსსაც. სწორედ ენერგეტიკების სხვადასხვა კომპონენტების თანაფარდობის სწორი შერჩევა, უზრუნველყოფს პორციის ათვისების დროის რეგულირებას.

ენერგეტიკების ნახშირწყლოვანი და ცილოვანი კომპონენტები
ენერგეტიკების ძირითად ნახშირწყლოვან კომპონენტებს წარმოადგენენ: გლუკოზა და მალტოდექსტრინი (მაღალი გლიკემიური ინდექსი), ფრუქტოზა (საშუალო გლიკემიური ინდექსი), სხვადასხვა მცენარეული ნედლეულისგან მიღებული სახამებელი (დაბალი გლიკემიური ინდექსი).
ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს მალტოდექსტრინი - გლუკოზას პოლიმერი, რომელიც სახამებლის გადამუშავების გზით მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ მალტოდექსტრინის მოლეკულები რთულ ნახშირწყლებს მიეკუთვნება (პოლისახარიდები), ისინი მომენტალუად იშლებიან კუჭნაწლავის ტრაქტში, აქვთ მოტკბო გემო და ამიტომ აქტიურად გამოიყენებიან ბევრი ენერგეტიკის შემადგენლობაში, ნახშირწყლოვანი კომპლექსის შესაქმნელად.
ცილოვანი შემადგენლის სახით თანამედროვე ენერგეტიკებში უპირატესად რძის ცილები გამოიყენება, პირველ რიგში შრატის, მისი შედარებით მაღალი ბიოლოგიური ფასეულობის გამო. კუნთების აღდგენის ეფექტურობის ასამაღლებლად ენერგეტიკებში ამატებენ ცილების ჰიდროლიზატებს (მათ შორის კოლაგენის ჰიდროლიზატს) და ცალკეულ ამინომჟავებს (პირველ რიგში გლუტამინს და BCAA-ს).

ენერგეტიკების გამოყენება და დოზები
აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანის რაციონში აუცილებელი ნახშირწყლების რაოდენობის გამოთვლა გრამებში შესაძლებელია სხეულის მასის (კგ-ში) გამრავლებით 6,0-6,5 მამაკაცებისათვის და 4,0-4,5 ქალებისათვის. მაგ: 90კგ. მასის მამაკაცისთვის ნახშირწყლების დღიური ნორმა ტოლია 540-600გრ.-ს, ხოლო ქალისთვის 60კგ. წონის დროს - 240-270გრ. ამ მონაცემების გამოყენებით და ჩვეულებრივ საკვებთან ერთად მიღებული ნახშირწყლების გათვალისწინებით, შესაძლებელია ენერგეტიკების საჭირო რაოდენობის გამოთვლა.

ენერგეტკების მიღების დრო
ენერგეტიკები მოხმარებისათვის მზა, მშრალი ხსნადი ფხვნილის სახით იყიდება. ენერგეტიკების მიღება რეკომენდირებული ვარჯიშამდე ან ვარჯიშს დროს დახარჯული ენერგიის სწრაფად ახსადგენად. დანარჩენ დროს ენერგეტიკებს იღებენ ძირითადად კვების შუალედებში. მნიშვნელოვანია ენერგეტიკების მიღებისაგან თავის შეკავება ძილის წინ, რადგან ეს აფერხებს სომატოტროპინის გამომუშავებას და ზრდის ცხიმოვან მარაგებში გლუკოზის მიმართვის რისკს.
აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, რომ ენერგეტიკების ვარჯიშის რეჟიმის გარეშე მიღება ზრდის ცხიმოვანი მასის დაგროვების რისკს. რა თქმა უნდა სპორტული ცხოვრების დროს კვების კალორიულობა უნდა უფრო მაღალი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს კალორიების უკონტროლო ჭარბ რაოდენობას.